დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
18 მარტი 2023რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.
დუშეთის კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ და USAID-ის პროგრამის „ძლიერი სოფელი“ ხელმძღვანელმა დინა კარიჩმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და USAID-ის პროგრამის წარმომადგენლები.
მემორანდუმი განსაზღვრავს USAID-ის პროგრამასა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებას.
,,დუშეთიდან დაიწყო პროგრამა, რომელიც მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებების მხარდაჭერისკენ. ამ მიმართულებით USAID ეხმარება საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს, რათა შეიქმნას მოსახლეობის ადგილზე დასაქმებისა და მათი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პირობები. ეს არის პროგრამა, რომელიც მხარდაჭერილი იქნება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და რომელიც მიმართულია ბიზნესის მხარდაჭერისკენ“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.
პარტნიორობის ფარგლებში, USAID-ის პროგრამა „ძლიერი სოფელი“ მხარს დაუჭერს დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში. აღნიშნული პარტნიორობა ინკლუზიური, მდგრადი და კერძო სექტორზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა და დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
“USAID აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მოსახლეობასთან, ბიზნესთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ეს თანამშრომლობა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით დაიწყო. საქართველოს მოსახლეობას ვეხმარებოდით, როგორც საკვებით, ასევე საწვავით. დროთა განმავლობაში, საქართველოს გაძლიერებასთან ერთად, ჩვენც გადავედით პარტნიორობის ახალ ეტაპზე. დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადახვა მიმართულებით, როგორიც არის სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება და სხვა. ჩვენ ვამაყობთ ქართველ ხალხთან პარტნიორობით და ხელს ვუწყობთ მათ დასახული მიზნების მიღწევაში”,- განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა.
ხელმოწერილი მემორანდუმი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმ საერთო მიზნისთვის, რაც რეგიონის მასშტაბით თემების მდგრად განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.